English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი
ეკონომიკური მეტაფორები, რომლებსაც საინტერესო დასკვნებამდე მივყავართ

(კომენტარი პროფ. ჯონ ფ. ტომერის  სტატიაზე “მეტაფორები აშშ-ს ეკონომიკის განვითარების    დასახასიათებლად:  უხილავი და ხილული ხელის ეკონომიკური სტადიების ჰუმანისტური ხელის სტადიად გარდაქმნა”)

ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი ჟურნალის რედკოლეგიის წევრმა აკად. ლადო პაპავამ მე, როგორც მთავარ რედაქტორს, საინტერესო იდეა შემომთავაზა: ჟურნალში პერიოდულად გამოგვექვეყნებინა დასავლეთის კარგად ცნობილი თუ შედარებით უცნობი ეკონომისტების აქტუალურ პრობლემებზე დაწერილი სტატიების ქართული თარგმანები. იდეის ხორცშესხმის პირველი ნაბიჯი იყო ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ 2019 წლის მესამე ნომერში თვალსაჩინო ამერიკელი ეკონომისტის პ. კრუგმანის სტატიის ქართული თარგმანის გამოქვეყნება, რომელსაც კომენტარი დაურთო ლ. პაპავამ.

წინამდებარე ნომერში მკითხველს ვთავაზობთ მანჰეტენის კოლეჯის ემერიტუსი-პროფესორის ჯ. ფ. ტომერის სტატიას, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესოა რამდენიმე თვალსაზრისით.

პირველი, ეს არის „წმინდა“ თეორიულ-მეთოდოლოგიური შინაარსის სტატია, რომლის მსგავსი ნაშრომებით ნაკლებადაა განებივრებული ჩვენი მკითხველი. მეორე, სტატია შეიცავს ბევრ ორიგინალურ მოსაზრებას და მესამე, მასში განვითარებული შეხედულებები, შეიძლება ითქვას, რომ წინააღმდეგობაშია დასავლეთის თანამედროვე მეინსტრიმული ნეოკლასიკური მიმართულების მთავარ პოსტულატებთან.

რა არის მეტაფორა და რას აძლევს ეკონომისტს მისი გამოყენება? სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მეტაფორა არის ენა, რომელიც ეკონომისტმა შეიძლება გამოიყენოს და ამავე დროს იგი გამოხატავს მკვლევარის ფილოსოფიურ და ეკონომიკურ ხედვებს. მეტაფორების საშუალებით შესაძლებელია ორი განსხვავებული სფეროს - კოგნიტიურის და ემოციურის ერთმანეთთან თანხვედრაში მოყვანა.

ეკონომიკურ ანალიზში მეტაფორების გამოყენების კლასიკური ნიმუში ა. სმიტმა შემოგვთავაზა „უხილავი ხელის“ და „ეკონომიკური ადამიანის“ სახით, რომლებიც ორგანულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. „უხილავი ხელის“ ქვეშ იგულისხმება თავისუფალი ბაზარი, რომელიც ინდივიდს იმაზე მეტის გაკეთებას აიძულებს, რაც არ შედიოდა მის გეგმებში და სწორედ ამ გზით მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ კეთილდღეობას. სწორედ ეს პრინციპი გახდა კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ფუნდამენტი XVIII-XIX საუკუნეთა განმავლობაში. თუმცა, თავისუფალი ბაზარი რეალურ სინამდვილეში არ დარჩა ისეთი უნაკლო და იდეალური, როგორც იგი ა. სმიტს წარმოედგინა. პირიქით, მას ბევრი ხარვეზი აღმოაჩნდა, რომელიც ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია როგორც „ბაზრის ჩავარდნა“, ანუ „ბაზრის ფიასკო“. სწორედ თავისუფალი ბაზრის დისფუნქციური ხასიათით უნდა აიხსნას, სტატიის ავტორის აზრით, ე.წ. „ხილული ხელის“ მეტაფორის წარმოშობა, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად ა. ჩანდლერი, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ე.წ. „მენეჯერული კაპიტალიზმის“ დასახასიათებლად იყენებს.

„ხილული ხელის“ სტადიაზე აშშ-ს (და მასთან ერთად სხვა წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების) ეკონომიკაში ბევრი მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ინსტიტუციური და ორგანიზაციულ-ეკონომიკური ცვლილება განხორციელდა. მათ შორისაა - „კაპიტალი საკუთრების“ და „კაპიტალი მართვის“ ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა და მენეჯერთა ფენის პოზიციების საგრძნობი გაძლიერება. სტატიის ავტორს მოჰყავს ჩანდლერის შემდეგი სიტყვები: „მენეჯერები ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ყველაზე გავლენიანი ჯგუფი გახდა“. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ტიპის კორპორაციები, რომლებიც აშშ-ს ეკონომიკის ლოკომოტივად გადაიქცა.

„გაქრობადი ხელის“ მეტაფორა XX საუკუნის კაპიტალიზმის ფუნქციონირებას უკავშირდება. იგი გამოიხატა, ერთი მხრივ, ფირმების გადაჭარბებული დივერსიფიკაციის შესუსტებაში, მეორე მხრივ კი: ა) წარმოებისა და მართვის ქსელური სისტემების განვითარებაში და ბ) რესურსებისა და მზა პროდუქციის ბაზრების გლობალიზაციაში. ჩვენი აზრით, სტატიაში „გაქრობადი ხელის“ ფენომენის ანალიზს შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და მისი ბევრი ასპექტი ჩვენთვის ბუნდოვანი დარჩა.

ეკონომიკური განვითარების ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლისას მხოლოდ ეკონომიკის სტრუქტურაში არ ხდება ცვლილება. მნიშვნელოვან ძვრებს აქვს ადგილი კაპიტალისა და სხვა რესურსების მფლობელთა მოტივაციაშიაც. კერძოდ, ადგილი აქვს წმინდა ეკონომიკური მოტივის - მოგების არაეკონომიკური მოტივებით ჩანაცვლებას. სტატიაში რამდენიმე კომპანიის მაგალითია განხილული აღნიშნული ცვლილების საილუსტრაციოდ. ამასთანავე, ავტორი გარკვეულ ნიადაგს ამზადებს, ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესო და სიახლის შემცველ საკითხზე გადასასვლელად, რომელიც ეხება პერსპექტივაში აშშ-ს ეკონომიკის „ჰუმანისტური ხელის“ პირობებში ფუნქციონირებას. რამ შეიძლება განაპირობოს ახალ სტადიაზე გადასვლის აუცილებლობა? ავტორის აზრით, ეს შეიძლება მოხდეს იმ უზარმაზარი დისბალანსის საფუძველზე, რომელიც ამჟამად არსებობს აშშ-ში ეკონომიკურ და ადამიანისეულ მაჩვენებლებს შორის. ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი მიიღწეოდა ადამიანური დანახარჯების (დანაკარგების) გაზრდის გზით.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ამჟამად აშშ-ში უამრავი ადამიანი იტანჯება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, ჭარბწონიანობით, რაც არასწორი და არაჯანსაღი კვების პირდაპირი შედეგია, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით, უთანასწორობით, სიღარიბით და ა.შ. შეუქცევადი ხასიათი მიიღო ეკოლოგიური გარემოს გაუარესებამაც. ერთი სიტყვით, ჩვენ საქმე გვაქვს ჰუმანიტარულ და სოციალურ დისფუნქციასთან, რომელიც ბაზრის ჩავარდნის პირდაპირ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ. „ჰუმანისტური ხელის“ სტადიაზე გადასვლა, როგორც ჩანს, რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რომელსაც გარდამავალი პერიოდი დასჭირდება. მის მთავარ ამოცანად შეიძლება წარმოდგენილი იქნას ადამიანისეული მაჩვენებლების იმგვარად გაუმჯობესება, რომელიც ზიანს არ მიაყენებს ეკონომიკის ეფექტიან ფუნქციონირებას.

აღნიშნული რთული ტრანსფორმირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ასპექტი უკავშირდება თანამედროვე კორპორაციების მართვის ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობას, გზებს, მექანიზმებს და მეთოდებს. ეს საკითხი ნაშრომში წარმოდგენილია ე. ოსტრომის მიერ საერთო კეთილდღეობის რესურსების გამოყენების კვლევაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია ჯგუფური მუშაობით, ერთმანეთთან პირისპირ საუბრით, ურთიერთნდობით და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ეს შეიძლება კოლექტივიზმზე დამყარებული ურთიერთობების ცნებაში გაერთიანდეს. ოსტრომისა და ტომერის აღნიშნული მოსაზრებები, ვფიქრობთ, ძალიან ახლოსაა თანამედროვე მენეჯმენტის „მამად“ აღიარებული პ. დრაკერის შეხედულებებთან. დრაკერი კორპორაციების სტრუქტურულ ცვლილებებს სწორედ პიროვნებათაშორისი ურთიერთობების კუთხით განიხილავს (Druker, 1999) და აღნიშნავს, რომ თანამედროვე კორპორაციებში დასაქმებული მუშაკები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან არა იმდენად „დაქვემდებარებაში“, რამდენადაც „პარტნიორულ ურთიერთობებში“ (გვ.18). ამასთანავე, იძულებამ დაკარგა ორგანიზაციის საფუძველშემქმნელი ელემენტის მნიშვნელობა, მისი ადგილი კი დაიკავა ნდობამ (trust) და ერთმანეთთან თანამშრომლობამ (გვ.187).

ოსტრომმა თავისი დასკვნა მცირე მასშტაბის სიტუაციებთან მიმართებით გააკეთა, მაგრამ ეს, სტატიის ავტორის აზრით, არ გამორიცხავს უფრო დიდ სიტუაციებზე მისი ექსტრაპოლაციის შესაძლებლობას.

ჰუმანისტური ხელის ეკონომიკის (და მასთან ერთად საზოგადოების) დამკვიდრება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს. პირველი, შრომის უმაღლესი მწარმოებლურობის მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა მოთხოვნილებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას. ამ საფუძველზე პრიორიტეტული ფასეულობა გახდება ადამიანის სულიერი, კულტურული, ინტელექტუალური მოთხოვნილებები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური საზოგადოება შეიცვლება პოსტეკონომიურით იმის მსგავსად, როგორც XX საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების მიჯნაზე ინდუსტრიული ეკონომიკა (საზოგადოება) შეიცვალა პოსტინდუსტრიულით (Bell, 1976; Toffler, 1970); მეორე, მიღწეული იქნება სოციალური სამართლიანობის გაცილებით მაღალი დონე დღევანდელთან შედარებით. მესამე მიმართულებად პროფ. ტომერის მიერ განიხილება კულტურული ევოლუციის პროცესი, რომელიც მრავალ სოციალურ ექსპერიმენტს მოიცავს და მისი აზრით, გარკვეულ „მართვად მუტაციად“ შეიძლება იქნას მიჩნეული.

დასასრულს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სერიოზული და საინტერესო მკვლევარის მიერ საზოგადოებრივი პროგრესის ასე ფართო ზოგადცივილიზაციურ კონტექსტში გააზრების მცდელობა, მის გამოთქმებს თუ გამოვიყენებთ, „უდაოდ ფასეულია“, ახალი „მოტივაციების წყაროა“ და „ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“.

ლიტერატურა:

  • მექვაბიშვილი ე. (2018) გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. გამომცემლობა ინტელექტი. თბ. გვ. 234-236.
  • Bell D. (1976) The Coming of Post-Industrial Society. N. Y.
  • Drucker P. (1999) Management challenges for the 21st century. Harper Business, N.Y.
  • Toffler A. (1970) Future Shock. Random House, N.Y.
  • Антипина О.Н., Иноземцев В.Л. (1998) Постэкономическая революция и глобальные проблемы. Общественные науки и современность. № 4. c. 162-173.

References:

  • Antipina O. N., Inozemcev V. L. (1998) “Postekonomicheskaya revolucia i globalnie problemi. Obshestvennie nauki i sovremennost” [“Post-Economic Revolution and Global Issues. Social Sciences and Contemporaneity, #4, p. 162-173 (in Russian).
  • Bell D. (1976) The Coming of Post-Industrial Society. N.Y.
  • Drucker P. (1999) Management challenges for the 21st century. Harper Business, N.Y.
  • Mekvabishvili E. (2018) Globalizaciis epokhis finansuri krizisebi da sakartvelos ekonomika [The Financial Crisis of the Globalization Era and the Economy of Georgia]. Inteleqti. Tbilisi, p. 234-236 (in Georgian).
  • Toffler A. (1970) Future Shock. Random House, N.Y.